სილაბუსი

excel icon

1. ეკონომიკის საგანი

ეკონომიკა შეისწავლის რეალურ სამყაროს, რომელიც ჯადოსნურისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე არსებობს რაღაცის უკმარისობა. რესურსების უკმარისობა ეკონომიკის უმთავრესი პრობლემაა.
ადამიანების სურვილები, რესურსებისგან განსხვავებით, შეუზღუდავია. ეკონომიკური აზროვნება გულისხმობს აირჩიო შეუზღუდავი სურვილებიდან ყველაზე ღირებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში გაკეთებული ყოველი ასეთი არჩევანი ეკონომიკური აქტივობაა.
ეკონომიკის ამოცანაა გადაწყვიტოს როგორ გამოიყენოს შეზღუდული რესურსები შეუზღუდავი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

2. ეკონომიკის ამოცანა, შესაძლებლობები და ზღვრები

ეკონომიკის ბირთვია ლოგიკა და არა გრაფიკები და ფორმულები. ეკონომიკა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მასზე ფიქრი ნებისმიერ ადამიანს უწევს.
ეკონომიკის ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს დასახული მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეკონომიკის ცოდნა საშუალებას გაძლევს სხვადასხვა გარემოებებში ადამიანის ქცევაზე დაკვირვებით გაიგო როგორ მიაღწიოთ მიზანს ყველაზე ეფექტიანად, თქვენს ხელში არსებული შეზღუდული რესურსებით. ეკონომიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა საკუთარი თავის, სხვა ადამიანების და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება.

3. ეკონომიკა და სხვა მეცნიერებები

ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა და ის ინდივიდებისა და ადამიანების ჯგუფების ქმედებას შეისწავლის. ეკონომიკაში ზუსტი და უეჭველი კანონების არსებობა შეუძლებელია, რამდენადაც ადამიანები განსხვავებული არიან, ისინი თავის გარემოზე გამუდმებით ზემოქმედებენ და ცვლიან მას.
ეკონომიკის კანონების ექსპერიმენტით კვლევა შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია ლაბორატორიაში რეალური სამყაროს პირობების შექმნა. ადამიანები განსხვავებულები არიან და ამიტომ მათი ქცევა არაპროგნოზირებადია. შეიძლება უბრალოდ ზოგადი წესების დადგენა, რომელთაც ადამიანების ქმედების ლოგიკისა და ისტორიული და კულტურული გამოცდილების ცოდნის საფუძველზე, შეიძლება ვთქვათ, რომ უმეტეს წილად რაღაც გარკვეული მიმართულებით მივყავართ.

4. სიმდიდრე და სიღარიბე

კერძო საკუთრება და ინდივიდებს შორის თავისუფალი გაცვლითი ურთიერთობები რესურსების სწორად და მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილების შესაძლებლობას იძლევა. ადამიანები ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებენ, თუკი მათ აქვთ საშუალება თავად შეარჩიონ საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით ყველაზე მისაღები ვარიანტი. ქვეყნების ისტორიული და კულტურული წარსული გვიჩვენებს, რომ ადამიანებს კერძო საკუთრება აძლევს სტიმულს რომ გააკეთონ ინვესტიცია ისეთ საქმეში, რომელსაც არ შეეჭიდებოდნენ საკუთრების უფლების არქონის შემთხვევაში.

5. ალტერნატივის დანახარჯი

ადამიანები ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უარს ამბობენ რაღაცა სხვაზე, რისი გაკეთებაც მათ მიერ არჩეული საქმიანობის ნაცვლად შეეძლოთ. სწორედ უარყოფილი შესაძლებლობის ღირებულება წარმოადგენს არჩეული შესაძლებლობის დანახარჯს.
ყოველი გადაწყვეტილება სხვა შესაძლო არჩევანის დანახარჯს გულისხმობს, თუმცა შესაძლებელია, რომ გაკეთებული არჩევანი მომავალში უფრო უკეთესი აღ-მოჩნდეს, ვიდრე ყველა უარყოფილი ალტერნატივა.

6. გაცვლა

გაცვლა ადამიანების კომფორტის შექმნის მთავარი პირობაა, რომელსაც საფუძვლად შრომის დანაწილების პრინციპი უდევს. შრომის დანაწილების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებული შესაძლებლობის ინდივიდები ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდით, შემდეგ შრომის პროდუქტს ერთმანეთს უცვლიან და შედეგად ყველა გაცილებით მეტს იღებს.
იმის კეთება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და ჩვენი საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა ადამიანებთან უკეთესად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. იმის გამო, რომ ნებაყოფლობითი გაცვლისას ადამიანი მისთვის სასურველ არჩევანს აკეთებს, შედეგად ყველა უკეთეს მდგომარეობაშია.

7. ფული

შრომის შედეგების გაცვლამ ადამიანები ფულის გამოყენებამდე მიიყვანა, რათა ამ გზით ბარტერული გაცვლის პროცესი ძალიან გამარტივდა. ფული გახდა ის, რაზეც გაცვლა ადამიანების უმეტესობას სურდა და თავად ეს „ფული“ ადვილად იცვლებოდა სხვა ნებისმიერ ნივთზე.
სინამდვილეში თავად ფული არავის სჭირდება. ადამიანებს სჭირდებათ საქონელი და მომსახურება, რომლებიც შეიძლება ფულით იყიდო. თუ ფულით ვერაფერს იყიდი, მაშინ ფულის გამოყენების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული იქნება.
ფულის ღირებულება განისაზღვრება არა რიცხვებით, არამედ იმით, თუ რისი ყიდვაა მისით შესაძლებელი.

8. მოთხოვნა და მიწოდება

ნებისმიერი სახის ბაზარი — რესურსების, დოვლათისა თუ ფინანსური — მოთხოვნა მიწოდები პრინციპით იმართება.
ყოველდღიურად ადამიანები დიდი რაოდენობის საქონელსა და მომსახურებას ცვლიან. რაც უფრო მცირეა ამა თუ იმ საქონლის ფასი, მით უფრო მეტ ადამიანს უნდა მისი შეძენა და რაც უფრო ძვირია, უფრო ნაკლები მყიდველია. და პირიქით, რაც მეტია ფასი, მით მეტი საქონლის შეთავაზება ხდება.

9. ფასი

პროდუქტების ფასი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდე¬ბული, თუმცა მთავარ როლს მიწოდება-მოთხოვნა თამაშობს.
ფასის ცვლილება მყიდველებს და გამყიდველებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის და საშუალებას აძლევს, დროულად მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ფასის ცვლით ბაზრის ყველა მონაწილე ინფორმირებულია და ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებენ, მიუხედავად იმისა რომ მათ შეიძლება არც იცოდნენ რამ განაპირობა მათთვის საინტერესო პროდუქტზე ფასის ცვლილება.

10. შემოსავალი

ეკონომიკის პირველი კანონია, რომ ბუნებაში უფასო არაფერია (უფასო სადილი არ არსებობს). თქვენ უნდა გქონდეთ ფული, რათა ის იყიდოთ რაც გჭირდებათ.
ზოგადად შრომა ფულის მიღების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, მაგრამ შემოსავალი სხვა გზითაც მიიღება, კერძოდ შემოსავლის ტიპები ასევეა — ინტერესი, რესურსის ქირა, მოგება, ქველმოქმედება, საჩუქარი.

11. შრომის დანაწილება

ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო ძირითადად ადამიანის შრომის შედეგია. შრომა არის ადამიანთა მიზანმიმართული აქტივობა, რომელიც გამოიყენება როგორც რესურსი საქონლის ან მომსახურების შექმნის მიზნით და მისი წარმატება მშრომელის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
მაღალი დონის კვალიფიკაცია სპეციალიზაციის შედეგად მიიღება.
როდესაც სპეციალობას ვირჩევთ და დროის დიდ ნაწილს განსაზღვრულ აქტივობას ვუთმობთ, უნდა ვითვალისწინებდეთ იქნება თუ არა ჩვენი შრომის პროდუქტი ბაზარზე მოთხოვნადი.

12. ხელფასი და განაკვეთი

ადამიანები თავიანთი შრომის ნაყოფიერების შესაბამის ფულს გამოიმუშავებენ. თუ დაქირავებულს მის მიერ შექმნილ ღირებულებაზე მეტს გადაუხდით იზარალებთ. მეტი ფულის გამოსამუშავებლად მეტი ღირებულება უნდა შეიქმნას მომხმარებლებისათვის.
შრომის ბაზარზე მოთხოვნა - მიწოდების კანონი ჩვეულებრივად მუშაობს.
მომავალ სამუშაოზე ფიქრისას მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ არა მარტო ის, თუ რისი კეთება გვინდა, არამედ ის, თუ რისი კეთება შეგვიძლია სხვებზე უკეთ და რა უპირატესობა გაქვთ სხვა დაქირავებულებთან შედარებით.

13. პირადი ბიუჯეტი

ძირითადად ადამიანები ფინანსური პრობლემების წინაშე იმიტომ აღმოჩნდებიან ხოლმე, რომ ისინი არ იცავენ პირადი ბიუჯეტის დაგეგმვის მარტივ წესებს.
პირადი ბიუჯეტის წარმატების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი კანონის გათვალისწინება. მათგან ერთერთია არ დავხარჯოთ მეტი, ვიდრე გამოვიმუშავებთ, რადგან თუ შემოსავალი არ იზრდება მაშინ ჩათრეული აღმოვჩნდებით სესხება-გასტუმრების ციკლში, რომლისგანაც გათავისუფლება ძნელია.
პირადი ბიუჯეტის დაგეგმა საშუალებას გვაძლევს ფინანსურ წარმატებას მივაღწიოთ, ხოლო დაუგეგმავად ფულის ფლანგვას და ხარჯების შეუფასებლობას ვალებამდე და ფინანსური კრიზისისკენ მივყავართ.

14. გადასახადები

გადასახადი არ არის კომუნალურის მომსახურების, მობილური ტელეფონის სასაუბრო დროის და სხვა ამგვარი ხარჯები. გადასახადი არის ის, რასაც ჩვენ ვუხდით სახელმწიფოს.
ადამიანები რეალურად გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ფულის სახით იღებენ, დანარჩენ თანხას უხდიან სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას თუ არა.
გადასახადი შედის ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფასში.
გადასახადები გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც, რამდენადაც ქმნიან გარემოს ინვესტორებისთვის.

15. დაზოგვა და დაგროვება

თუკი ადამიანები ზოგავენ და აგროვებენ ფულს მაშინ მათ უჩნდებათ საშუალება გაწვდნენ მეტ გასართობს, გემრიელ საკვებს და უკეთეს ტანსაცმელს, ზოგადად ქონდეთ უკეთესი ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები რომლების ფლანგავენ ფულს, საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ისენი ვინც ფულს ინახავს.
დაგროვება ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას.

16. დაზოგვა, დაგროვება და ინვესტირება

მეწარმე არის ადამიანი, რომელიც ფლობს ინდივიდუალურ თვისებას ამოიცნოს ბიზნესის მომავალი შესაძლებლობები და განსაზღვროს მათი გამოყენების გზები. ყოველი მეწარმე მოგებაზეა ორიენტირებული, რის ცდილობენ მყიდველებს კონკურენტებზე უკეთესი, იაფი პროდუქტი მიაწოდონ.
ნებისმიერი ადამიანი უმეტესად იქცევა როგორც მეწარმე, რამდენადაც მომავლის დაგეგმვა, დაგროვება, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალია.
მეწარმეები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებებს, გამოაქვთ ინოვაციები ბაზარზე, ქმნიან სამუშაო ადგილებს, რისკავენ თავიანთი ფულით და შედეგად იღებენ მოგებას, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარ ფულს კარგავენ.

17. იაზროვნე ინვესტორივით

ბიზნესმა ადამიანების წარმოუდგენლად დიდ რაოდენობას გაუფართოვა ფინანსური დამოუკიდებლობა და საქონლისა და მომსახურების არჩევანი. ამ შედეგის მთავარი წინაპირობა ის გარემოება იყო, რომ კერძო საკუთრებაზე და შრომის დანაწილებაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარების შედეგად ბიზნესში ჩართვა საშუალება, სურვილის შემთხვევაში, სულ უფრო მეტსა და მეტ ყველა ადამიანს მისცა, განურჩევლად წარმოშობის, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.
ბიზნესის საკვანძო ფიგურა ინვესტორია. სწორედ ის მიმართავს ფულსა და ქონებას ყველაზე მოგებიანი წამომწყებებისკენ.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ინვესტორი, თუმცა ამისთვის გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება დაჭირდება. უპირველს ყოვლისა, ინვესტორად რომ იქცეს, ფინანსური წარმატებისა და დამოუკიდებლობის გზას დაადგეს, ადამიანმა აქტივებისა და პასივების შესახებ ინვესტორის თვალსაზრისის გაზიარება უნდა შეძლოს და შედეგად, მის შემოსავლები პასიური შემოსავლების ახალ-ახალი ნაკადებით შეავსოს.
რა დამსახურება აქვს ბიზნესს?
ვინ არიან ინვესტორი?
რა არის აქტივი და პასივი ინვესტორის თვალსაზრისით?
როგორია ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის გზა?

18. ბიზნესი და მეწარმეები

ყველაზე აქტუალური კითხვაა არის თუ არა სასარგებლო ბიზნესი საზოგადოებისთვის და თანხვედრაშია თუ არა ბიზნესის წარმომადგენლების და საზოგადოების სურვილები.
ზოგი ორგანიზაცია იდეისთვის მუშაობს. ზოგის მიზანი კი კლიენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ამით მოგების მიღებაა.
ნებისმიერი ბიზნეს კომპანია, რომლის მიზანიც მოგების მიღებაა იძულებულია მომხმარებლების მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. ბიზნესი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებსა და მიზნებს ეხმარება..

19. ბიზნესის მორალურობა

ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მისდამი ნდობის არსებობა. ხალხური გამოთქმა „სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო...“ კარგად მიესადაგება ბიზნესის შინაარსს. მომხმარებლები ბიზნესს არ პატიობენ ხარისხის გაუარესებას ან ფასის უმიზეზოდ გაზრდას.
უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ბიზნესისა და საზოგადოების სარგებელი თანხვედრაშია. ბიზნესის მიერ შემოთავაზებული ყოველი საქონელი და მომსახურება ადამიანთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ცხოვრებას უუმჯობესებს მათ.

20. კონკურენცია

კონკურენცია არის ისეთი მდგომარეობა როცა მსგავსი საქონლის ბევრი გამყიდველი ცდილობს მომხმარებლის მიზიდვას და თავის კონკურენტებზე მეტი ფულის შოვნას.
იმისთვის რომ კონკურენციაში გაიმარჯვო უნდა გქონდეს უკეთესი მომსახურება, უფრო იაფი საქონელი და გყავდეს მეტი კლიენტი.
ზოგჯერ ბიზნესის წარმომადგენლები გარიგებაში შედიან კონკურენტებთან და აყალიბებენ კარტელებს, ანუ თანხმდებიან გასაყიდ ფასზე, თუმცა მსგავსი გარიგებები ხანგრძლივი არაა.
კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის მომხმარებელია.

21. მონოპოლია

მონოპოლია არის ვითარება, როცა ბაზარზე მომხმარებელს არჩევანი არა აქვს. ბიზნესი მხოლოდ განსაზღვრულ ბაზარზე შეიძლება იყოს მონოპოლისტი, რამდენადაც გლობალური თვალსაზრისით მსგავსი უალტერნატივო რესურსის ქონა წარმოუდგენელია.
ერთადერთი მონოპოლია, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, არის ის, რომელსაც აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა!

22. მთავრობა და საზოგადოება

ისტორიულად მთავრობას სამართლის აღსრულების და ეროვნული თავდაცვის ფუნქცია ქონდა. მთავრობა დღეს, პირველ რიგში, სწორედ ამ ფუნქციების შესასრულებლად გვჭირდება. ცხოვრებაში ისედაც ცხადია, რომ ადამიანები უამრავ რამეზე თანხმდებიან და ფორმალური წესების არარსებობის შემთხვევაშიც კი ეს შეთანხმებები მაინც იმუშავებდა.
დროთა განმავლობაში მთავრობას უამრავი ფუნქცია დაემატა და ის ხალხს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს. მთავრობის მიერ მოწოდებული სერვისები, რომელშიც უშუალოდ ფულს არ ვიხდით - სინამდვილეში უფასო არაა. მთავრობის ფუნქციების განსაზღვრისთვის არ არსებობს წესი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთია.

23. ეკონომიკური აზრი და მთავრობა

ნებისმიერი მართვის მოდელის პირობებში გაცხადებულ მიზანს კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს, განსხვავებული არის ინსტიტუტები ამ მიზნის მისაღწევად.
სხვადასხვა ეკონომიკური შეხედულებები ძირითადად იმით განსხვავდება, რომ ეკონომიკაში მთავრობის სხვადასხვა დოზით ჩარევას უჭერენ მხარს. სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემებს სხვადასხვა პასუხები აქვთ კითხვებზე: ვინ წყვეტს რა იწარმოოს, როგორ იწარმოოს, ვისთვის იწარმოოს. ეს არის ეკონომიკის პრინციპული კითხვები.

24. საზოგადოებრივი მოხმარების საქონელი და მომსახურება

ბაზრის პრინციპია, რომ ბიზნესმა შეიძლება მოიგოს მხოლოდ მყიდველის სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამთავრობო მექანიზმის შემთხვევაში კი მთავრობა განსაზღვრავს, რომელი საქონელი უნდა იწარმოოს და რომელი მომსახურება. ამ შემთხვევაში ფულს გადასახადის გადამხდელები იხდიან და არა კმაყოფილი მომხმარებლები.
საჯარო საქონელი ისეთი საქონელია, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომელთაც არ გადაუხდიათ მისი საფასური. ამავე დროს, ისიც იხდის ვისაც ის არ გამოუყენებია.
საქონელი და მომსახურება, რომლის საფასურის გადახდა ხდება პირდაპირ მომხმარებლების მიერ არის კერძო საქონელი.

25. გადასახადები

გადასახადები ადამიანებმა გამოიგონეს და მისი მართვაც ადამიანებს ხელეწიფებათ.
გადასახადები უნდა გამოიყენებოდეს იმ სიკეთეების დასაფინანსებლად რასაც საჯარო საქონელი ქვია.
მთავრობას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რათა მან შექმნას ისეთი სიკეთეები, როგორიცაა გზები, სკოლები, ქუჩების განათება და სხვა. მთავრობა ყველაფერს ფულით აკეთებს და მთავრობის ფული არის მომუშავე ხალხის მიერ გამომუშავებული და შემდგომ ბიუჯეტში გადახდილი თანხა.

26. სახელმწიფო ბიუჯეტი

პირადი ბიუჯეტის მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაფრისთვის საკმარისი ფული არასდროსაა. სახელმწიფო გეგმავს ბიუჯეტიდან დასახარჯავ სახსრებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროზე — ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, გარემოს დაცვა და სხვა. თუ ბიუჯეტის შემოსავლები არ იზრდება, მაშინ ერთი სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდა იწვევს სხვა სფეროებისთვის ხარჯების შემცირებას.
ისევე, როგორც პირად ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც შეიძლება დაიხარჯოს იმაზე მეტი ან ნაკლები ფული, ვიდრე მიღებულია.
მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხარჯავს იმაზე მეტს ვიდრე შემოსავალი აქვს, იძულებულია ფული ისესხოს, რომელიც მოსახლეობის მიერ გამომუშავებული ფულით უნდა დაიფაროს.

27. ეკონომიკური მაჩვენებლები (ინდიკატორები)

ქვეყნების ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდებიან, კლიმატით, კულტურით, ტრადიციით და სხვა. გარდა ამისა, განსხვავების კიდევ ერთი საზომია, თუ რამდენად მდიდარნი არიან ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები. არის თუ არა მათთვის სახლი, ჯანდაცვა, განათლება, სუფთა საჭმელი და წყალი ხელმისაწვდომი. ეს არის ეკონომიკური განსხვავებები.
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორები ბევრნაირია და ისინი ინფორმაციას გვაწვდიან თუ რამდენად ბედნიერები და კმაყოფილები არიან ადამიანები ქვეყანაში ცხოვრებით.

28. ინფლაცია და დეფლაცია

ბევრი ფულის ქონა არ ნიშნავს რომ ადამიანი მდიდარია, მთავარია რისი ყიდვა შეუძლია ამ ფულით. ამბობენ — თუკი ფული უფრო იაფია ვიდრე შეშა, მაშინ ფულის ღუმელში დაწვაც ღირს.
ინფლაცია არ არის მხოლოდ ფასების ზრდა, ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც ბაზარზე ფულის მიწოდების ზრდა და მისი მსყიდველობითი უნარის დაცემა...

29. საერთაშორისო გაცვლები

რით ვაჭრობენ სხვადასხვა ქვეყნის მკვიდრნი და რატომ? ნიდერლანდები ცნობილია მიმზიდველი ყვავილებით. ჩინეთში აწარმოებენ ბრინჯს. მსგავს განსხვავებას განაპირობებს ქვეყნებში არსებული სპეციფიკური ბუნებრივი პირობები და ადამიანების გამოცდილება.
საერთაშორისო გაცვლების შეზღუდვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების და ქვეყნების სიმდიდრეზე, რამდენადაც შეზღუდვების არარსებობის პირობებში სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები ერთმანეთთან უფრო წარმატებულად და ყველასათვის სასარგებლოდ ურთიერთობენ.

30. ეროვნული სპეციალიზაცია

ამბობენ, რომ ქვეყნები ისევე სპეციალიზდებიან ამა თუ იმ პროდუქტის წარმოებაზე, როგორც ადამიანები. სპეციალიზაციის შედეგად ქვეყანაში არსებული რესურსები უფრო ოპტიმალურად ნაწილდება. საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად შეიძლება კონკრეტული წარმოება დაზარალდეს, მაგრამ ეს მომხმარებლებისთვის უკეთესი ხარისხისა და ფასის პროდუქციის გამოჩენას ნიშნავს.

31. საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვები

როდესაც საერთაშორისო კონკურენტები წარმოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს, მათთან კონკურენციაში გამარჯვების უამრავი გზა არსებობს. ხშირ შემთხვევაში ხდება სხვა კონკურენტების ბაზრიდან ხელოვნური გამოთიშვა ადგილობრივი წარმოების დასაცავად. მსგავსი ქმედების შედეგად, საბოლოო ჯამში ზარალდებიან მომხმარებლები და ხშირ შემთხვევაში ის საწარმოებიც, რომელთა დაცვის მიზნითაც მსგავსი ხელოვნური შეზღუდვები განხორციელდა. უცხოურ პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები აძვირებს ჯერ იმპორტირებულ საქონელსა და ნედლეულს, შემდეგ კი ადგილობრივსაც.

32. გაცვლითი კურსები

თუ რატომ იცვლება უცხოური ვალუტის კურსი ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვას წარმოადგენს ადამიანებისთვის. კურსის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მყიდველებზე და გამყიდველებზე. ერთი შეხედვით, ამ პროცესში არსებობენ წაგებული და მოგებული მხარეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ბაზრის მოთამაშეებისთვის არასტაბილური კურსი მხოლოდ ზიანის მომტანია.