ჭადრაკში არსებობს გამოთქმა „სჯობს ითამაშო ცუდი გეგმით, ვიდრე ყოველგვარი გეგმის გარეშე“ - ეს მიდგომა სიმართლეა ბიზნესის შემთხვევაშიც.

ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად განსაზღვრულია ბიზნესის მიზნები და აღწერილია ამ მიზნის (მიზნების) მიღწევის გზები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს გეგმა არის კომპანიის დაწერილი საგზაო რუკა, რომელშიც აღწერილია ბიზნესის განვითარების სტრატეგია. ეს მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა ფინანსური განვითარების გეგმა, მარკეტინგის გეგმა და ორგანიზაციული განვითარების ხედვა, რისკების დაზღვევის შესაძლებლობა და სხვა მსგავსი დეტალი.

ხშირად გაიგებ ისეთ მოსაზრებას, რომ ბიზნესში მთავარი იღბალია და არა კარგი გეგმების შედგენა და მომავალი საქმიანობის კარგად გააზრება. მსგავსი მოსაზრებების დასასაბუთებლად უამრავ მაგალითსაც მოგიყვებიან. რა თქმა უნდა მსოფლიოში ბევრი ბიზნესი არსებობს, რომელთაც კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმა არ ჰქონიათ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, როგორც ამბობენ კარგად გაუმართლათ. მაგრამ ამ ამბის დამჯერე ხალხს ავიწყდება ერთი ყველაზე მთავარი — არსებობდნენ მილიონობით ასეთი ბიზნეს იდეები და წამოწყებები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, გაკოტრდნენ და საერთოდ გაქრნენ კიდეც. მათ შესახებ არავის ახსოვს და ამიტომაც მათზე არ საუბრობენ. მეხსიერებას ის ძალიან იშვიათი გამონაკლისები შემორჩება ხოლმე, რომლებზეც მსგავს ისტორიებს ჰყვებიან.

რა უნდა ვიცოდეთ

ბიზნეს გეგმის არსებობა, ბიზნესის წარმატების აბსოლუტური გარანტია არ არის, მაგრამ ის წარმატების შანსებს ძალიან მნიშვნელოვნად ზრდის. კარგად დაგეგმილი საქმის კეთება საფრთხისგან თავის დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაცაა, რადგან გვაზღვევს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, როგორიცაა მაგალითად უაზრო ხარჯების გაწევა, არასწორ ბაზარზე გასვლა (სადაც მოგებას ვერ ვნახავთ) და სხვა.
ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესი დაშვებულ შეცდომებზე ისწავლება, თუმცა ხშირად ეს შეცდომა ისეთია, რომ კომპანიის გაკოტრებას და მისი მფლობელების ვალებში ჩავარდნას იწვევს. ამაში დასარწმუნებლად უამრავი მაგალითი არსებობს. ჩვენს ირგვლივ არსებული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმის წყალობით განვითარდა.

ბიზნესის წამოწყების მიზანი მოგების მიღებაა. მოგების მისაღებად აუცილებელია სწორად გაითვალოს თუ ვისზეა გათვლილი წარმოებული პროდუქტი, რამხელაა ბაზარი, სადაც თქვენი პროდუქციის გაყიდვას გეგმავთ (რამდენად აკმაყოფილებს ის თქვენ მიზნებს და რამდენად რეალურად შეესაბამება თქვენს დასახულ ამოცანებს), რამდენ და რა შესაძლებლობის კონკურეტნტები გეყოლებათ, რა პრობლემებს წააწყდებით საქმის კეთებისას და სხვა უამრავი დეტალი.

რატომ არის მნიშვნელოვანი

დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ წარმატებული სტარტაპის წარმოებისთვის (ზოგადად ბიზნესისაც) კარგ იდეაზე მნიშვნელოვანი კარგი მენეჯმენტია. კარგი მენეჯმენტი საქმიანობის სწორად დაგეგმვას გულისხმობს საწყისი იდეის გაჩენიდან პროდუქციის გამოშვებამდე და მოგების მიღებამდე.

საკუთარი ნააზრევის და გეგმების ფურცელზე გადატანა და მისი ანალიზი საშუალებას იძლევა შენიშნო შესაძლოა მანამდე შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც დამატებით ყურადღებას მოითხოვს.

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, პირველ რიგში ბიზნეს გეგმა უნდა შეიმუშაოთ, რომელშიც აღწერილი იქნება თქვენი ბიზნეს იდეა — თუ რა არის თქვენი მიზანი, ვინ იქნებიან თქვენი ბიზნესის კლიენტები და რა გზებით გეგმავთ მათ მოზიდვას. სწორედ მყიდველების წარმოებული პროდუქციისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას, ამტომაც მთავარი საზრუნევი მათი სურვილების ამოცნობა და დაკმაყოფილებაა.

Მნიშვნელოვანია არა უბრალოდ რაიმე საქმის კეთება, არამედ წარმატებული, ე.ი. Ხანგრძლივი დროიის მანძილზე სიცოცხლის უნარიანი ბიზნესის კეთება. მცირე ბიზნესის წამოწყების დროს, ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოების შემთხვევაში კარგი გეგმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის მნიშვნელოვანი იარაღია.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. ის გვეხმარება ბიზნესის წარმოებისა და მისი ზრდის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებაში;

2.  ცხადს ხდის თუ რა ფინანსური საჭიროებები ექნება კომპანიას ბიზნესის საკეთებლად

3. გვეხმარება ინვესტორებისა და კრედიტორების მოზიდვაში.

4. გვეხმარება რისკების აღმოჩანასა და შესაბამისი პრობლემების მოგვარებაში.

5. ხელს უწყობს ინიციატივის ირგვლივ არა შემთხვევითი, არამედ საჭირო ადამიანების თავმოყრას და. ა. შ.

კარგად განვითარებული ბიზნეს გეგმა ბევრი შესაძლებლობის მომტანია: კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს გეგმა პროფესიონალიზმის ნიშნად მიიჩნევა; იძლევა ბაზრის ნათელ ხედვას, რომელზეც თქვენს ინიციატივას იწყებთ ან ანვითარებთ, რაც წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბიზნეს გეგმის მოკლე ნიმუში

ბიზნესი

1.1. ბიზნეს მოდელი - რეზიუმე

ეს არის ბიზნეს მოდელის მოკლე აღწერა: რა იდეა გაქვთ? როგორ გეგმავთ ფულის შოვნას?

1.2. პროდუქცია/ სერვისი

როგორია პროდუქცია/სერვისი, როგორ მუშაობს ის და რატომ იყიდის მას მომხმარებელი.

1.3 ბაზრის აღწერა, სადაც გსურთ შესვლა.

ვინ არიან პოტენციური მომხმარებლები. ბაზრის ზომა და პოტენციალი.

(მაგალითად, არის თუ არა ბაზარი მზარდი, სტაბილური, რა ტენდენციებს ელოდებით ბაზარზე).

1.4. კონკურენტების ანალიზი

ვინ არიან შენს მიზნობრვ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები? არის თუ არა სხვა კომპანია, რომელიც მსგავს მომსახურებას/საქონელს სთავაზობს? კონკურენტები წარმატებულები არიან? სად მდებარეობენ ეს კონკურენტები? რა ფასში სთავაზობენ ისინი თავიანთ მომსახურებას/საქონელს? და ა. შ.

1.5. კონკურენტული უპირატესობა

რა არის თქვენი საქონლის/ მომსახურების მნიშვნელოვანი მახასიათებელი; რატომ იყიდიან მას კლიენტები?

1.6 მარკეტინგი

როგორ შეიტყობენ პოტენციური მომხმარებლები შენი საქონლის შესახებ? რა საშუალებებს გამოიყენებ მათთან კავშირისთვის (სოც. მედია, ბროშურები, რეკლამები და ა.შ.) და რატომ?

1.7 დისტრიბუცია

დეტალურად აღწერე საქონლის/მომსახურების დისტრიბუციის გეგმა. მაგალითისთვის  შექმნი ახალ ქსელს თუ გამოიყენებ არსებულს.

1.8. გაყიდვები

დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენი (რა რაოდენობის და თანხის) პროდუქტის გაყიდვას გეგმავ? როგორ მიაღწევ ამ შედეგს? ეს სასურველი შედეგი მთლიანი ბაზრის რა მოცულობაა?

1.9 პროდუქტის შექმნის პროცესი და განვითარება

აღწერე საქონლის/მომსახურების შექმნის პროცესი. როგორ განავითარებ მას? რა რესურსები გჭირდებათ ამისთვის? როგორ მოიპოვებთ ამ რესურსებს?

1.10  მენეჯმენტი და პერსონალი

რამდენი თანამშრომელი გეყოლება, რა პროფესიული უნარ-ჩვევებით, როგორი იქნება მათი ფუნქცია-მოვალეობა. პერსონალში შედის ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენს ბიზნესში ხელფასს აიღებს.

1.11 იურიდიული სტატუსი

რა იქნება თქვენი კომპანიის იურიდიული სტატუსი? ეს მნიშვნელოვანია პარტნიორებთან და დონორებთან ურთიერთბისთვის. ასევე რა ლიცენზიები და ნებართვები გჭირდება ბიზნესის დასაწყებად.

1.12. რისკები

რა მთავარ რისკებს ხედავ ბიზნესის წარმოებისთვის და როგორ აფასებ ამ რისკებს. რა ზომების გატარება შეგიძლია ამ რისკების წინააღმდეგ?

1.13 ინვესტიციის გეგმა

ინვესტიციის გეგმაში უნდა ჩანდეს რა ფინანსები გჭირდება ბიზნესის დასაწყებად და როგორ აპირებთ ამ ფინანსების მოპოვებას. აქედან რა გაქვთ თქვენ და რა უნდა მოიზიდით. ამ პუნქტის კარგად და უშეცდომოდ შესავსებად დეტალურად აღწერეთ ყველა საჭიროება, ერთჯერადი და ყოველთვიური ხარჯები, მაგალითად 1. საოფისე ინვენტარი 2. საწარმოო კაპიტალი (შეიძლება იყოს მიწა, შენობა, დანადგარები ან სხვა რამ) 3. კომუნალური მომსახურების საფასური და ხელფასები და ა.შ.

რჩევა!

ნათლად წარმოადგინე შენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, რა გჭირდება და ზუსტად რა მიზნებისთვის. როგორ აპირებ საჭირო კაპიტალის მოპოვებას. გამჭვირვალობა და საიმედოობა გარე დაფინანსებისთვის საუკეთესო საფუძველს ქმნის. ეს ასევე საქმის წარმართვაში გეხმარება. თუ დამფინანსებლები 100%-ით დარწმუნებულები არ არიან რომ საქმეს კარგდ და პირნათლად გაუძღვები მათ შენი დახმარების სურვილი არ გაუჩნდებათ.