1. ეკონომიკის საგანი

ილიას ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ ყველაზე დიდი მიზეზი მაშინდელი საქართველოს წარუმატებლობისა ეკონომიკური პრინციპების დავიწყება იყო. სწორედ ამიტომ იგი წერდა, რომ „მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის. რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა“.

2. ეკონომიკის ამოცანა, შესაძლებლობები და ზღვრები

ილია ჭავჭავაძეს ხალხის სიღარიბიდან გამოსვლის მთავარ საწინდრად ეკონომიკური ცოდნა მიაჩნდა. მისი აზრით, ეკონომიკური მეცნიერების დაუფლება დაგვეხმარება თითოეული ადამიანის კეთილდღეობის მიღწევაში: „ცოდნა ბევრნაირია. ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს სად რა სიმდიდრე უძევს და რა რიგის ხერხით, რა რიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ“.

5. ალტერნატივის დანახარჯი

ილიას აზრით, ეკონომიკურად სიბრიყვეს წარმოადგენს აწარმოო ისეთი პროდუქტი, რომლის ყიდვაც სხვაგან უფრო იაფი დაჯდება ვიდრე მისი წარმოება. სწორედ ამიტომ, ილია მთელი თავისი ცხოვრება რაციონალური გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებდა ქართველ საზოგადოებას. ილია წერდა : „მტერთაგან და უგზოობისგან შინ ჩაკეტილი ქართველობა იძულებული იყო ის მოეყვანა, ის ემუშავნა თავის მიწაზე, რასაც დღეს იეფად სხვაგან ვიყიდით, სხვიდან მოვიტანთ. დღეს რა გვიშლის, მაგალითებრ, ჩვენს მიწათმოქმედებას ის ნაყოფი გამოვაღებინოთ, რაც რუსეთში არ მოდის ბუნებურ გარემოებათა გამო და იქიდამ ის ვეზიდოთ, რაც იქ ბევრი მოდის და უფრო იეფიც არის. ის აუარებელი შრომა და ხარჯი, რაც, მაგალითად, მარტო პურის მოყვანაზე მოდის ჩვენში და ასე ძვირად გვიჯდება, სხვა უფრო ძვირფას საგანს რომ მოვახმაროთ რუსეთში გასატანად და იქიდან პური ვეზიდოთ, მითამ წაგებაში ვიქნებით და არა დიდ მოგებაში?“

6. გაცვლა

ილიას ჭავჭავაძის აზრით, ადამიანების შრომას ამსუბუქებს გაცვლის შესაძლებლობა, რაც მათ შექმნილი პროდუქტის რეალიზების და სხვა საჭირო ნივთის შეძენის საშუალებას აძლევს: „გამნაღდებელი ნაშრომისა ბაზარია და იგი ეკონომიკური მოქმედება აღებ მიცემისა, რომელსაც ვაჭრობა ჰქვიან“. გარდა ამისა, რომ არ არსებობდეს გაცვლა, ადამიანები ვერც იმას გაიგებდნენ, რა ქონებას ქნიან შრომის შედეგად : „დღეს ვერავინ იტყვის, რომ კაცს ბევრი პური და ღვინო აქვს და მდიდარიაო, და თუ იტყვის, ეს პური და ღვინო უსათუოდ განაღდებული აქვს, ფულზე აქვს გათვლილი“.

7. ფული

ილია ჭავჭავაძის აზრით, ბანკი ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ფულის რესურსად თავმოყრისა და საუკეთესო ღირებულებით გამოყენების გზაა: ,,ბანკი ერთი იმისთანა გამოსადექი ღონეთაგანია, რომლის შემწეობითაც გროვდება გაფანტული და უქმე კაპიტალი საზოგადოებისა და ფული ერთი ხელიდან მეორეში გადადის წარმოების გასაძლიერებლად".

8. მოთხოვნა და მიწოდება

ილია ჭავჭავაძის აზრით, სწორედ მოთხოვნა–მიწოდება — ბაზარი — განსაზღვრავს ამა თუ იმ პროდუქციის ფასს, რაც ეკონომიკურ ქმედებას მთავრ აზრს აძლევს: „საცა მიქცევ მოქცევაა საქონლის პატრონთა შორის, იმ ადგილს ბაზარი ჰქვიან. საქონელთა ყიდვა-გაყიდვას, გაცვლას, მთლიანობაში, საქონელმიმოქცევა ეწოდება, რომელიც საქონლის ფასსს ხან ასწევს, ხან დასწევს“.

18. ბიზნესი და მეწარმეები

ილია ჭავჭავაძისათვის ცხადი იყო, რომ რისკის და ინიციატივის გარეშე, რასაც მეწარმეები ეწევიან, განვითარება შეუძლებელია. მისი აზრით, საყოველთაო კეთილდრეობისთვის უკეთესია რესურსები იმ ადამიანის ხელთ იყოს, ვისაც მისი სწორად გამოყენება შეუძლია : „ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის - უძრავი ქონებაა თუ მოძრავი – რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა“.

19. ბიზნესის მორალურობა

ილია ჭავჭავაძეს კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი საქმიანობის მიზანი, მათ შორის სოფლის მეურნეობისაც, მოგება უნდა იყოს, რადგანაც ის უზრდის ადამიანებს მოტივაციას და შრომას სხვა ადამიანებისთვისაც სასარგებლოს ხდის. ამის მაგალითად მას წარმატებული ევროპული ქვეყნები მოჰყავდა. მისი თქმით: „მიწის დამუშავება არა თავის გატანაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ მშრომელს მაქსიმალური მოგება უნდა მისცეს და შრომის ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ისე როგორც ეს ბელგიაში და ინგლისშია“.

21. მონოპოლია

ილია ჭავჭავაძის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გასაღები კონკურენცია და მრავალფეროვნებაა. მას მიაჩნია, რომ ცალკეული პირებისა და კომპანიების განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩაყენება მთავრობის მიერ — პროტექციონიზმი, განწირულია წარუმატებლობისთვის: „პროტექციონობის მიზანია შინაურს საქონელს მოპირისპირე მოაცილოს ბაზარში და თვით სხვა ამ ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს... გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ასეთი პოლიტიკა ანდერძაგებულია და დაწუნებული“.

25. გადასახადები

ილიას აზრით, წარმატებული სახელმწიფო კარგი პირადი შემოსავლების მქონე ხალხის ქვეყანაა. მას მიაჩნია, რომ მაღალი გადასახადები, რომელთაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით კრეფდნენ, ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას და ადამიანების წარმატებას. მისი თქმით — „საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას“.

27. ეკონომიკური მაჩვენებლები (ინდიკატორები)

თითქმის ყველა ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, რომ კერძო საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადამიანთა კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სიტყვები დღეისთვისაც აქტუალურია: ,,კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება“.

28. ინფლაცია და დეფლაცია

ილია ჭავჭავაძის აზრით, ეკონომიკის განვითარების და ადამიანთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია დოვლათის შექმნა და არა ფულის რაოდენობის ხელოვნური გაზრდა (ინფლაციის ხელშეწყობა), რასაც მხოლოდ უარყოფითი და არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს: „თუ საქონლის რიცხვი იგივეა, მაშინ რაც ქვეყანაში ფული ტრილებს, ერთი-ორად რომ იქცეს, საქონლის ფასებიც ერთიორად აიწევს მხოლოდ“.

29. საერთაშორისო გაცვლები

მას წარმატების საფუძვლად სწორედ საბაზრო გაცვლაზე ორიენტირებული საქმიანობა მიაჩნია, რამდენადაც ფინანსური წარმატება მოაქვს ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის შექმნას — „საქონელი შრომით იქმნება და იგი შრომის ნაყოფის ის ნაწილია, რომელიც აღემატება პატრონის პირადი მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობას.“ ილიასვე სიტყვებით „ვერავინ იტყვის, რომ კაცს ბევრი პური და ღვინო აქვს და მდიდარიაო, და თუ იტყვის, ეს პური და ღვინო უსათუოდ განაღდებული აქვს, ფულზე აქვს გათვლილი“

31. საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვები

ილია ჭავჭავაძის აზრით, ადამიანებისა და ქვეყნის წარმატებისთვის უმჯობესია ხალხს თავისუფალ არჩევანში ხელი არავინ შეუშალოს, რადგან თავად ადამიანებმა უკეთ იციან თუ რა არის მათთვის ყველაზე სასურველი. ეს მიდგომა ეხება პირველ რიგში საერთაშორისო ვაჭრობასაც : „ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად“.