ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა, რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკის განვითარებას, დასაქმების ზრდას, ფასების სტაბილიზაციას, გადასახადების ეფექტიან შეგროვებას და სამეწარმეო რეგულირებას. ასეთი პოლიტიკის შექმნა რთული საქმეა, მას ჭირდება გაფანტული, დიდი და მრავალმხრივი ინფორმაციის ცოდნა და გამოყენება, რაც მთავრობისთვის ძალიან რთულია. სამაგიეროდ ამ ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადის ათვისება შეუძლიათ მრავალ ათას მეწარმეს, რომლებიც დაუღალავად აგროვებენ და იყენებენ საინფორმაციო სიგნალებს, რაც მათ ეხმარება ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში.
რა უნდა ვიცოდეთ
ბიზნესის კეთება ხშირად ხდება რეგულირების ქვეშ - ითვლება, რომ აუცილებელია მათი შეცდომების საკანონმდებლო კორექტირება. ასეთი რეგულირება შესაძლებელია ცხოვრებას აადვილებდეს - მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესები. ეს კანონი ადგენს მოძრაობის წესებს და ხშირად სწორად არეგულირებს მოძრაობას, თუმცა ნებისმიერმა არასწორად გამოყენებულმა ნიშანმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანს.
ასევეა ბიზნესის რეგულირების შემთხვევაშიც - დაშვებულ შეცდომას ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. მაგალითად, ფულის მასის მოცულობის რეგულირება ცენტრალური (ეროვნული) ბანკის მიერ გამოიყენება ფასების დონის კონტროლისთვის, თუმცა ასეთი ჩარევა ზოგ ფასებს ხელოვნურად ზრდის და ზოგს, პირიქით, ამცირებს, რითაც გავლენა ხდება ბიზნესის განვითარებაზე, საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
რეგულირება ნიშნავს კონკრეტული წესების დადგენას გარკვეული საქმიანობის შესასრულებლად. დგინდება გარკვეული სტანდარტები და ფორმები, ან, ასევე რაოდეენობრივი ნორმები, რომელთა შესრულება აუცილებელია ამ სფეროში საქმიანობის დასაწყებად.
რეგულირებები სხვადასხვაგვარად აისახება სხვადასხვა ბიზნესზე, ზოგს უკეთეს და ზოგს უარეს მდგომარეობაში აყენებს. კანონმდებელმა და შემდგომში მარეგულირებელმა შესაძლებელია სპეცალური პრივილეგიები შეუქმნას ერთ მხარეს და ხელი შეუშალოს მეორეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი
რეგულირება ძვირი ჯდება:
1. ბიზნესის მიერ მისი შესრულება დაკავშირებულია ხარჯებთან, მაგალითად, დამატებით სპეციალისების დაქირავებასთან - რისი ხარჯიც შემდეგ გასაყიდი საქონლის ფასში აისახება, რომელიც მოხმარებელმა უნდა გადაიხადოს.
2. ნებისმიერი კანონის მოქმედებას აღსრულება ჭირდება - რეგულირების აღსრულებისთვის მთავრობას მოუწევს ფული დახარჯოს - დაიქირაოს სპეციალისტები და მისცეს მათ საქმიანობის შესაძლებლობა, მაგალითად ხელფასი, ოფისი და ტრანსპორტი. ზოგიერთი რეგულირების შეუსრულებლობა ჯარიმით და უკიდურეს შემთხვევაში საქმიანობის შეჩერებითაც შეიძლება დასრულდეს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისიერი რეგულირება ხელს არ უშლიდეს ბიზნესს და მას ძვირი არ უჯდებოდეს მისი შესრულება. თავის მხრივ, ბიზნესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ასეთი რეგულირების რაც შეიძლება იაფად შესასრულებლად.