როდესაც გადაწყვეტ ბიზნესი წამოიწყო, რისკები მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინო. არსებობს რისკები დაკავშირებული ბიზნეს-იდეის წარმატებასთან და ასევე ბიზნესის გარემოსთან დაკავშირებული. გარემოს რისკებიდან შეიძ₾ება გამოვარჩიოთ ქვეყნის პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ან პირდაპირ მასთან დაკავშირებული რისკები. მაგალითად ქვეყნის პოლიტიკა ვერ შეცვლის მის ფიზიკურ ადგილმდებარეობას, ან მეზობლებს - უკეთესია, თუ მეზობლები მდიდრები არიან და მზად არიან ფულის ჩასადებად ბიზნესში ან მეტს იხდიან საქონელში. მნიშვნელოვანია შესაბამისად სატრანსპორტო მანძილი მდიდარ და დიდ ბაზრებთან. ასევე ხშირად მნიშვნელოვანია კლიმატი, რომელსაც სულ მცირე აგრარულ სფეროზე აქვს გავლენა, უფრო მეტად. ქვეყნის ზომა - ასევე მნიშვნელოვანია. ეს ასახავს იმას, თუ რამდენად დიდია შიგა ბაზარი თუმცა, მეწარმე ასევე უნდა დააკვირდეს რამდენად მსყიდველუნარიანია მოსახლეობა. მაგალითად, როდესაც ირჩევ სად გაყიდო საქონელი ევროკავშირში თუ ინდოეთში, პირველი მოსახლეობით 2.5-ჯერ ნაკლებია მეორეზე, თუმცა მისი ეკონომიკა 3-ჯერ მეტია მეორის ეკონომიკაზე.
რა უნდა ვიცოდეთ
რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს, პირველ რიგში ეს კერძო საკუთრების დაცულობის საკითხია. როგორც არ უნდა ადვილი იყოს ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის რეგულირება ან გადასახადების გადახდა, თუ მთავრობას ადვილად შეუძლია ბიზნესი შეაჩეროს, ჩამოართვას ქონება ან მის მიერ წარმოებული საქონელი, ასევე თუ სასამართლო მზად არაა დაიცვას მესაკუთრე და მისი ხელშეკრულებით აღირებული პირობები - ბიზნესის კეთება ძნელი იქნება ან შეუძლებელიც. ბიზნესის სირთულე ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონების ხშირ ცვლასთან - მაგალითად, შეიძლება საქონელი ჩინეთიდან მოგქონდეს და გზაში გაიგო, რომ ამ საქონლის შემოტანა აიკრძალა ან შეიზღუდა, ან მასზე გადასახადი გაიზარდა.
გადასახადების ზომა შესაძლებელია სერიოზული პრობლემა იყოს ბიზნესისთვის. თუ ყველა იხდის და პრივილეგია არავის აქვს, კონკურენცია თანაბარია და ეს ხელს არ შეგიშლის, თუმცა, მაღალი გადასახადების შემთხვევაში ან ფასები გაიზრდება ან საქონლის რაოდეობა და ფირმის გაფართოების და ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობები შემცირდება. გადასახადის ზომის გარდა მნიშვნელოვანია ასევე მისი გადახდა ადვილი იყოს, უამრავი წესი, რეგულირება, პროცედურები და ფორმები ართულებს გადახდას. ეს მთლიანად ეხება ასევე სამეწარმეო რეგულირებას.
ძალიან მიშვნელოვნია ასევე ფულის სიმყარე - თუ ფულის მსყიდველობითი უნარი არამყარია - ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის გადაწყვეტილებები ვერ დაეყრდნობა რაიმე გამოთვლას. ეს ასევე მიშვნელოვნად ცვლის მომხმარებელთა დამოკიდებულებას იმასთან, რა იყიდოს და რაზე შეიკავოს თავი. ამიტომ, ნებიმიერი ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ფულის გარშემო მიმდინარე სამთავრობო პოლიტიკასაც.
ბიზნესმა ასევე კარგად უნდა გაარკვიოს, როგორი სავაჭრო პოლიტიკა აქვს მთავრობას - მიუხედავად იმისა, ექსპორტზე მუშაობს ფირმა თუ იმპორტზე, ორივე შემთხვევაში სავაჭრო პოლიტიკა ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ ფირმაზე. ეს შესაძლებელია პირდაპირ ეხებოდეს ამ ფირმებს - რამდენად ადვილია საქონლის გატანა თუ შემოტანა, რადგან თვითონაა ჩართული სხვადასხვა ფორმებით ასეთ საქმიანობაში; თუმცა, ასევე შეიძლება, რომ ფირმა ვაჭრობდეს ისეთი საქონლით, რომლის მსგავსი ან ექსპორტზე გადის ან იმპორტირებულია სხვა ფირმების მიერ.
ზემოთ ვისაუბრეთ ბიზნესის რეგულირების შესახებ - ცხადია, ბიზნესი ყოველთვის ეცდება ისეთ სფეროში წავიდეს - როგორც ამბობენ - ინვესტიციები გადადინდეს - იქ სადაც უფრო ადვილია. შესაბამისად, თუ შენს ქვეყანაში ბიზნესის რეგულირება ძვირი უჯდება მას, მაშინ მან შეიძლება სხვა ქვეყანაში გადაინაცვლოს. თუ მთავრობა, ამასთან ერთად, სხვადასხვა პირობებში ჩააგდებს სხვადასხვა ბიზნესებს, პრივილეგიებს მიანიჭებს და მხარს დაუჭერს, პრივილეგირებულს და დაჩაგრულსაც მოტივაცია გაუქრება საქმე წესიერად აკეთოს და მხოლოდ პრივილეგიებზე ინადიროს.
ასეთი საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ბიზნესი უკიდურესად გართულდება და გაძვირდება, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლების მდგომარეობაზე. ხოლო ბიზნესები ადვილად შეიძლება კორუფციაში ჩაერთონ.
ბიზნეს კლიმატის შესასწავლად რამოდენიმე კვლევა მიმდინარეობს მსოფლიოში, ფრეიზერის ინსტიტუტი კანადაში და ჰერითიჯის ფონდი აშშ-ში, სწავლობენ ეკონომიკურ თავისუფლებებს; მსოფლიო ბანკი სწავლობს ბიზნესის კეთების სიადვილეს, ხოლო მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი - გლობალურ კონკურენტუნარიანობას. პირველ სამში, საქართველო დაწინაურებულია - მსოფლიოში შესაბამისად - 8, 13 და 7 ადგილზეა. ამავდროულად, კონკურენტუნარიანობის ნაწილში უფრო დაბლა ვართ - 69, რაც განპირობებულია ძირითადად მცირე ბაზრის გამო. ეს კვლევები მაღალი სიზუსტით აჩვენებს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის უპირატესობებს - მაგალითად შედარებით დაბალ საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით. ამავდროულად, კერძო საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერებს შორის არაა. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ საგადასახადო ტვირთის თუ ბიზნესის სხვა რეგულირების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის შემოსავლების დონე - რაც უფრო მდიდარია ქვეყანა მით უფრო ნაკლები ზეწოლა აქვს გადასახადებს და რეგულირებებს, თუმცა ისიც მართალია, რომ მაღალი გადასახადების და რთული რეგულირებების პირობებში ზრდის ტემპი არასდროს არავის ჰქონია. როგორც ამ ნაწილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ბიზნესს ისედაც მრავალი რისკი აქვს და ცხადია ამ რისკების ხელოვნური ზრდა მას ართულებს, ინვესტორები ყოყმანობენ და ხშირად სხვა ქვეყანაში მიდიან.
რომელიმე ქვეყანასთან მასშტაბური პროექტების დაწყების შემთხვევაში კარგი იქნება თუ ამ ქვეყნების საკრედიტო რეიტინგებსაც შეისწავლი, ისეთი მაგალითად, როგორც Fitch, Standard and Poor, Moody’s. ამ რეიტინგებით შეგიძლია წარმოიდგინო ამ ქვეყნების ფინასური მდგომარეობა და მოსალოდნელი რყევები. საქართველოს შეფასება ამ რეიტინგებში საშუალოა BB ან BBB.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ბიზნესი, მეწარმეობა რისკიანი მოქმედებაა - უფრო მეტიც, ბიზნესი და რისკი განუყოფელია. თუმცა ყველა ბიზნესმენი უნდა ცდილობდეს მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი, რათა საქმიანობა შედგეს და გაგრძელდეს. ამიტომ, როდესაც ბიზნესს იწყებ, ჯობს მოაგროვო ინფორმაცია ქვეყნის შიგნით არსებული ბიზნეს-საქმიანობის პირობების შესახებ.
თუ შენი ბიზნესი უცხო ქვეყანასთან ურთიერთობას მოიცავს, აუცილებელია გაეცნო იმ ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას იმავე კრიტერიუმებით, რაც შენს საკუთარ ქვეყანაში:
როგორ არის დაცული კერძო საკუთრება - რამდენად მიუკერძოებელი და სწრაფი სასამართლო თუ რამ სადაო გახდება, ეს ასევე მოიცავს პოლიციის ეფექტიანობას და სხვა ტიპის დაცვის შესაძლებლობებს;
რამდენად მაღალია და რთულია იქ გადასახადები - შეძლებ თუ არა ადვილად გარკვევას და დროულად გადახდას;
რამდენად მყარია იქაური ფული - შესაძლებელია თუ არა ამ ფულის ერთეულში ადვილად გადაცვლა, ბიზნეს-გამოთვლების გაკეთება, რომელიც ფასების ცვლილებების გამო შესაძლებელია გაძნელდეს;
რამდენად მარტივია სავაჭრო და ეკონომიკური საქმიანობის რეგულაციები - რამდენად ძვირი ჯდება ეს რეგულირებები, რამდენაც დიდი დრო მიაქვს მათ შესრულებას და აფერხებს ბიზნესს.
ასეთი ინფორმაციის მიღება შეიძლება ზემოაღნიშნული კვლევებიდან.